Wednesday, October 14, 2009
მომავლის მერხები
საკლასო ოთახში ქსელის გამოყენების საინტერესო იდეა: სპეციალური მერხები (multi-touch desks).
ასეთი მერხებით აღჭურვილ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. მასწავლებელს ამ მერხების მართვა მობილური ტელეფონითაც შეეძლება.
ვიდეოში წარმოდგენილია მერხების შესაძლებლობები:
აქვე რამოდენიმე სიტყვა დანიის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. 1994 წელს მიღებული განათლების კანონის თანახმად სკოლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანებთან, სოციუმთან ურთიერთობის სწავლება და არა ცოდნის გადაცება.
მეცხრე კლასის ჩათვლით ნიშნები სკოლებში არ იწერება. მეცხრე კლასის ბოლოს ტარდება გამოსაშვები გამოცდები დანიურ და ინგლისურ ენაში და მათემატიკაში.
სახალხო სკოლებთან ერთად, რომლებსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დანიაში არსებობენ კიდევ მრავალი სხვა ტიპის სკოლები. ამ სკოლებში მშობლები აფინანსებენ ხარჯების მხოლოდ 25%, დანარჩენ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. მასწავლებლების ხელფასი სხვადასხვა ტიპის სკოლებში არ განსხვავდება.
დანიის განათლების სისტემა ჭეშმარიტად დემოკრატიულია. მისი განვითარება ხდება ქვემოდან. მშობლებს აქვთ მასწავლებლების დაქირავების და მათთან ერთად ნებისმიერი ტიპის სკოლის შექმნის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს ასეთი სკოლები.
დანიაში არ არსებობს ექსპერიმენტალური სკოლები, ვინაიდან ყველა სკოლა ისედაც განუმეორებელია და განსხვავდება სხვა სკოლებისგან.
საკლასო ოთახის მოწყობა მასწავლებლის სრული პრეროგატივაა და აქ არავინ არ უნდა ჩაერიოს. ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობენ, რომ სასწავლო გარემოს მოწყობის მოდელად ეფექტიანია სტუდიის მოდელი (სტუდიის მოდელი გამოიყენება მხატვრების, დიზაინერების, არქიტექტორების სამუშაოს ორგანიზებისას).
სტუდიაში მასწავლებელს ეკისრება ოსტატის როლი, რომელიც სტუდიის ლიდერია და მუდმივად სწავლობს სტუდიის სხვა წევრებთან ერთად. ოსტატი საშუალებას აძლევს სტუდიის წევრებს გამოამჟღავნონ შემოქმედება, იყვნენ მუდმივ ძიებაში, არ ეშინოდეთ შემოქმედებითი რისკის და შეცდომის დაშვების. სტუდიის წევრები სწავლობენ ერთმანეთისგან და არა მხოლოდ ოსტატისგან. ეს ერთი მოსწავლე თემია, რომლის მიზანია სწავლა და შემოქმედება.
ამ იდეის განხორციელება მცირეკონტინგენტიან სოფლის სკოლებში უფრო მოხერხდება. ჩემი აზრით ინოვაციური ცვლილებების განხორციელება სოფლის სკოლებში უფრო რეალურია, ვიდრე დედაქალაქის გადატვირთულ სკოლებში.
სასწავლო გარემოს დიზაინი
მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახების დიზაინი იცვლება და უახლოვდება თანამედროვე მოთხოვნილებებს, მსოფლიოს უმეტეს სკოლებში სასწავლო გარემოს დიზაინი სწავლისა და სწავლების ძველ მოდელებზეა ორიენტირებული. ასეთი გარემო
მასწავლებელზე ორიენტირებულია
გათვლილია ისეთ სტილზე, როცა ერთი ახდენს კომუნიკაციას ბევრთან
ნაკლებად მოქნილია
ნაკლებად ხელსაყრელია ერთობლივი მუშაობისათვის და კომუნიკაციისათვის
ნაკლებად ხელსაყრელია ტექნოლოგიების ინტეგრირებისათვის
მკაცრი დიზაინი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს გარემოს ადაპტირება სხვა საჭიროებებისადმი
ფოკუსირებულია ინდივიდუალურ და არა ჯგუფურ მუშაობაზე
ის რომ დღეს საკლასო ოთახები უკეთ არის გარემონტებული, უკეთესი ხარისხის მერხები და დაფებია მათში განთავსებული, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი თანამედროვე მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. ეს მნიშვნელოვნად ხელს უშლის 21 საუკუნის სწავლის პრინციპების რეალიზაციას.
თანამედროვე საკლასო ოთახი უნდა იყოს მოქნილი და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მისი ადაპტირების შესაძლებლობა სხვადასხვა საჭიროებისათვის. საკლასო ოთახში უნდა არსებობდეს სივრცე მოსწავლეების ინდივიდუალური მუშაობისათვის, სივრცე მოსწავლეების ჯგუფური მუშაობისათვის და დისკუსიისათვის, სივრცე სადაც მთელი კლასი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიაში, პროექტების დაგეგმვაში და დემონსრაციებში.
ბოლო წლებში სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს სასწავლო სივრცეების თანამედროვე დიზაინის პრინციპების ჩამოყალიბება. ქვემოთ წარმოდგენილია რამოდენიმე ფოტო, სადაც ასახულია ახალი დიზაინის ნიმუშები.
Subscribe to:
Posts (Atom)